მუსაფართა თავშესაფარი დიდი ლილოს ტერიტორიაზე აშენდება
მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობისთვის ტერიტორია გამოიყო – გადაწყვეტილება დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტერიტორია დიდი ლილოს მიმდებარედ გამოიყო. არსებული მიწის ფართობზე მოწესრიგდება კომუნიკაციები, რის შემდეგაც დაიწყება თავშესაფრის მშენებლობა. მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. შესაბამისი სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მიუსაფართა თავშესაფარი მარტივი კონსტრუქციით – სენდვიჩპანელური სისტემით აშენდება. ამიტომ მისი მშენებლობა მარტის ბოლოსთვის უკვე დასრულდება. მშენებლობის პარალელურად კი მოხდება კარვების აღნიშნულ ტერიტორიაზე გადატანაც.
„ეს შენობები განკუთვნილი იქნება მხოლოდ მიუსაფარი ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ აქვთ და ქუჩაში უწევთ ღამის გათენება. შენობა იქნება უზრუნველყოფილი ყოველგვარი კომუნიკაციით და მისი ადმინისტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესდების მიხედვით მოხდება. ამასთან, ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ამ შენობაში მოხდება ვინმეს ბინით უზრუნველყოფა“, – განახცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
დღევანდელ სხდომაზე, ასევე, კარვებში მცხოვრები მიუსაფარი პირების კვების, ტანსაცმლითა და შეშით უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს.