კახა კალაძე: თუ საჭიროება იქნება, სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება და მოემსახურება ქალაქს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს.
მისივე თქმით, პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ყველაზე დიდი საფრთხე – ადამიანების სიკვდილიანობა თავიდან იქნა აცილებული.
“დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომლებიც აქვს დედაქალაქის მერიას. ჩვენ, დაახლოებით, 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და, თუ ამის საჭიროება იქნება, დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას.
ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა და ზუსტად ამის გამო ჩვენ ავიცილეთ ყველაზე დიდი საფრთხე – ადამიანების სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.