ისნის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები გადაეცათ
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ლევან დავითაშვილისა და ამავე რაიონის დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი აბუსერიძის ერთობლივი ინიციატივით, ისნის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები გადაეცათ.
პროდუქტი მოსახლეობას დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად დაურიგეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ლევან დავითაშვილსა და ირაკლი აბუსერიძეს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ, საკრებულოს კამპანიის პარალელურად, ისნის რაიონის დეპუტატები, თავიანთი ძალისხმევით, იმ ოჯახებს ეხმარებიან, რომლებიც პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„მოგეხსენებათ, თბილისის საკრებულომ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაიწყო კამპანია, რომელიც სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. ლევან დავითაშვილმა და ირაკლი აბუსერიძემ კი, თავიანთი ძალისხმევით, იმ ოჯახების დახმარება გადაწყვიტეს, რომლებიც პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ ამ ინიციატივისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ლევან დავითაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით დაწყებული კამპანია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ამ დროისთვის დახმარება ხუთასმა ოჯახმა მიიღო. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შემოსავლის გარეშე დარჩნენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას საჭიროებენ.
„ჩვენ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ჩავერთეთ საქველმოქმედო აქციაში – ,,დარჩი სახლში სიცოცხლისთვის”, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნულმა კამპანიამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფი მოიცვა და, ჯამურად, დახმარება 500- მა ოჯახმა მიიღო. იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, ვინც გაერთიანდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.