ადვოკატი: ყოფილი ცოლი ბასილაშვილს კარიერის დანგრევით ემუქრებოდა, ის მუდმივად იყო მოლოდინში, რომ გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ.

„დაზარალებული ამბობს, რომ არ იცის, ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით, თურმე, მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და, თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერც ერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები. დასაკითხია ძალიან ბევრი მოწმე. გამოსათხოვია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო, საფრთხეები ყოფილი ცოლის მხრიდან პროვოკაციების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს. ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები