ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა
ფშაველი – აბანო – ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მოსახლეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების თქმით, გზის მოვლა – პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და ერთადერთი მაგისტრალის საშუალებით ცხვრის გადარეკვა მთაში , ჩამოწოლილი ზვავის და მეწყერის გამო, კვლავ ვერ ხერხდება.
სოფელში შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შ.პ.ს. ” ენერგო გრუპის ” დირექტორი შეხვდნენ.
გიორგი წიკლაურის განცხადებით , სარეაბილიტაციო სამუშაოები გზაზე, ზვავსაშიშროების განმეორების გამო გადაიდო და ორშაბათიდან განახლდება.
“ჩვენ ინტენსიურად ვწმენდდით გზას,მაგრამ 5 მაისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფმა ვითარება შეისწავლა და იყო ზვავსაშიროების გამეორება, ამიტომ შეწყდა სამუშაოები.მალევე ავიყვანეთ 4 ერთეული ტექნიკა და სამუშაოებს ორშაბათიდან განვაახლებთ”,- განაცხადა წიკლაურმა.
როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, თუშეთის გზა სავარაუდოდ, 5 ივნისიდან გაიხსნება.