რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ საჰაერო სივრცე არასტაბილურობის ზონად იქცევა
“რუსეთი “ღია ცის” შეთანხმების ყველა პუქტის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ის ძალაში იქნება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ.
მისივე თქმით, საკითხისადმი მიდგომა პრაგმატული უნდა იყოს.
“სანამ შეთანხმება ძალაში რჩება, ვაპირებთ, ყველა წესი და ვალდებულება შევასრულოთ, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს”, – თქვა დიპლომატმა.
გრუშკომ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მონაწილე დანარჩენი წევრებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.
რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთან კომიტეტის წევრის, სერგეი ჟელეზნიაკის თქმით, აშშ-ის მიერ შეთანხმებიდან გასვლა ალიასკადან კურილებამდე საჰაერო სივრცეს არასტაბილურობის ზონად აქცევს.
მისი აზრით, ვაშინგტონი მორიგ საერთაშორისო შეთანხმებას ანადგურებს, სანაცვლოდ კი არაფერს ქმნის.
ჟელეზნიაკის თქმით, “აშშ-ს სურს ხელების გახსნა” და პროვოკაციას ამზადებს, რომელიც არამხოლოდ რუსეთ-ამერიკას, არამედ ყველა ქვეყანას შეეხება.
აშშ “ღია ცის” შეთანხმებიდან გადის, ვაშინგტონის გადაწყვეტილება ძალაში 6 თვეში შევა.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
რაც შეეხება “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.
2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.