ბექა ლილუაშვილი: უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ სახელმწიფომ ეფექტიანი რეაგირება და საზოგადოების ვირუსისგან დაცვა შეძლოს
“უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური რისკების მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ, სახელმწიფოს შეძლოს, გარკვეულ ნაწილში ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება და საზოგადოება დაიცვას ვირუსისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ცვლილებების შესაბამისად, საუბარი არის იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ამის სხვადასხვა საჭიროება არსებობს, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური.
„ეს არის აუცილებლად შესასრულებელი. თუმცა, ამასთან ერთად, ჯერ კიდევ არის გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, რომელიც თან სდევს პანდემიასა და ვირუსის გავრცელებას, მათ შორის, საუბრები იმაზე, რომ შესაძლებელია, გლობალურად გავრცელდეს ვირუსის მეორე ტალღა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ის შედარებითი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით და შევძლოთ მისი შენარჩუნება”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.