ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცი მოკლეს
მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 26 წლის მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე. როგორც სოფელ გუთურის მერის წარმომადგენელი, გიორგი პაიჭაძე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, მომხდარი სოფლის მცხოვრებლებისთვის მოულოდნელი იყო.
“ძალიან კეთილშობილი, უკონფლიქტო ახალგაზრდა იყო. გაოცებულები ვართ ყველა. სავარაუდო მკვლელი დააკავეს, როგორც ვიცით, ის ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არ არის. მკვლელობა გარდაცვლილის სახლში მოხდა”, – ამბობს გიორგი პაიჭაძე.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით, ზუსტდება სხვა დეტალები. მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.