დავით მათიკაშვილი: რა შეზღუდვაც ხელისუფლებას შეუძლია, დააწესოს პანდემიის ვითარებაში, ამ კანონში ისედაც იყო, 2007 წელსაა მიღებული

„სწორედ დღეს ასრულებს პარლამენტი თავის იმ ფუნქციას, რომელიც კონსტიტუციურად უმნიშვნელოვანესია და გულისხმობს საგანგებო ვითარების გარეშეც, როდესაც პანდემიაა გამოცხადებული, ქვეყანამ შეძლოს კანონმდებლობის საფუძველზე მოახდინოს სწრაფი, მობილური და ძალიან ეფექტური რეაგირება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებზე საუბრისას „რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტით რა შეზღუდვაც ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს პანდემიის ვითარებაში, ამ კანონში ისედაც იყო და ის 2007 წელს არის მიღებული.

„ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ ვცდილობთ პარლამენტის როლი დავაკნინოთ, არადა, ეს პირიქით არის. ამ შემთხვევაში, ჩვენ პარლამეტის როლს მაქსიმალურად ვზრდით, რადგან კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის გაშლის და ამ უფლებების და შეზღუდვების საზოგადოებისთვის კარგად ცნობადობის ამაღლების კუთხით კვლავ ვერთვებით მსჯელობაში და ცვლილება შეგვაქვს კანონმდებლობაში”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეთავაზებით, კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებები აისახა.

„შეთავაზებული ცვლილებებით, რომლითაც ეს კანონპროექტი აღიჭურვა, დაცულია საკითხის ე.წ. სამწვეროვანი კონსტიტუციურობის ტესტი, ანუ ის, რომ უნდა იყოს პროპორციული, რომ უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული კონკრეტული რეგულაცია და რომ უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები