გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანლობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.

როგორც “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, წერილში ღაზან ხალილი მიხეილ ჩხენკელს მადლობას უხდის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ულოცავს იმ წარმატებას, რასაც სამინისტრომ პანდემიის პერიოდში განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებებით მიაღწია.

“ბატონო მინისტრო, პირველ ყოვლისა, ნება მიბოძეთ, გამოვხატო მადლიერება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ თქვენი ხელმძღვანლობით გატარებული რეფორმების დღის წესრიგს განათლების სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე.

ასევე, ნება მომეცით, გამოვიყენო შესაძლებლობა და გულწრფელად მოგილოცოთ წარმატება, რომელსაც მიაღწია სამინისტრომ თქვენი ხელმძღვანლობით COVID-19 -ით გამოწვეული უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში, შექმნილი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. შთამბეჭდავია სხვადასხვა საშუალების გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები და გაწეული სამუშაო.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და დავადასტურო გაერო-ს ბავშვთა ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მზაობა“, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები