მადურო: კოლუმბიის პრეზიდენტმა COVID-19-ით ვენესუელის დაინფიცირების ბრძანება გასცა
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, კოლუმბიის ლიდერ ივან დუკეს აქვს მცდელობა, ვენესუელა ახალი ტიპის კორონავირუსით დააინფიციროს.
“დღეს ვირუსი ვენესუელის იმ 67 მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან დაბრუნდა. ქვეყანაში შემოდიან და მას აინფიცირებენ, როგორც ეს ივან დუკეს უნდა. მან გასცა ბრძანება, რომ ყველაფერი გაკეთდეს ვენესუელის ინფიცირებისთვის”, – აღნიშნა მადურომ.
მისი თქმით, ვენესუელის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში კოლუმბიიდან ბრუნდებოდნენ, საეჭვო ჩანთებს გადასცემდნენ, რომლითაც, მადუროს ვარაუდით, ხდებოდა მათი დაინფიცირება.
“ისინი ამბობენ, რომ კალიდან, ბოგოტადან, მედელინადან ჯანმრთელები წამოვიდნენ, არავისთან ჰქონიათ კომუნიკაცია, მხოლოდ – ოჯახის წევრებთან, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მათი დაინფიცირება ავტობუსებში მოხდა”, – აღნიშნა ვენესუელის ლიდერმა.
21 მაისი მდგომარეობით, ვენესუელაში კორონავირუსით 824 ადამიანია ინფიცირებული, 262 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.