გორის მე-12 სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის, “გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით”, შედეგების პრეზენტაცია შედგა

გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის, “გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით”, შედეგების პრეზენტაცია შედგა. ამის შესახებ “კვირას” შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

“მოსწავლეების, პედაგოგების და პროექტში ჩართული მეცნიერის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, kartli.ge-ს წარმომადგენელი საბა წიწიკაშვილი.

ზვიად გაბისონიამ არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვა, პირველ რიგში აღნიშნა, რომ ფონდი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, სადაც მოსწავლეები იქნებიან აქტიურად ჩართულნი, აგრეთვე, ისაუბრა რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია მათ თავიანთი ნიშა ჰქონდეთ, მაგალითად, ყურადღება გაამახვილა გორის სასწავლო უნივერსიტეტზე და ყურადღება გაამახვილა მათ წარმატებებზე კონფლიქტების კვლევაში. ზვიად გაბისონიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდისთვის პრიორიტეტულია საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერა სკოლებში მსგავსი პროექტების წახალისებით, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები სამომავლოდ ბევრი მოსწავლის პროფესიულ არჩევანზე მოახდენს დიდ გავლენას.

რაც შეეხება პროექტს, მის ფარგლებში მოსწავლეებს პირველად ჰქონდათ შეხება დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროექტი გარკვეულწილად ინტერდისციპლინური ხასიათის იყო, რადგან სწორედ დისტანციური ზონდირების შემთხვევაში იკვეთება ფიზიკა და გეოგრაფია ყველაზე უკეთ. პროექტს ხელმძღვანელობდა ფიზიკის პედაგოგი, ხოლო სამეცნიერო კონსულტანტი-გეოგრაფი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი გახლდათ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამატებითი თეორიული ცოდნის გარდა, მიიღეს საველე სამუშაოების განხორციელების გამოცდილებაც,” – ნათქვამია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება სკოლაში მეცნიერების წახალისებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების მხრიდან პროექტს დიდი ინტერესი მოჰყვა და გაჩნდა იდეაც, რომ აღნიშნულ საკითხზე სტატიაც მომზადდეს.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები