თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს
“თარგმნეთ ეს ვიდეო ინგლისურად, გადაუგზავნეთ ევროპარლამენტარებს და გპირდებით, ისინიც კი არასდროს გაიმეორებენ, რომ „ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია”, – ასე ეხმიანება იურისტი, თამთა მეგრელიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომელმაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, – „ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”.
იურისტის თქმით, ოქრუაშვილის ეს აღიარება სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს
„ვითომდა პოლიტპატიმარმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ეიფორიისა თუ ზედმეტი გულწრფელობის ფონზე, „მთავარის” ეთერში, 20 ივნისის მოვლენებზე საჯაროდ აღიარა, – „ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ეს აღიარება, რომ ეკა კვესიტაძემ იქვე აღნიშნა, მისი ეს ნათქვამი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. პირმა საჯაროდ აღიარა ის, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის გაცნობის შემდეგაც უარყოფდა და ბრალს არ აღიარებდა. აღიარა კონკრეტულ ჯგუფთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუციური მდგრადობისთვის საფრთხის შექმნა. სახელმწიფო ინსტიტუციური მდგრადობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებზე, მათ შორის დაშავებულ ადამიანებზე, საკუთრივ მაკო გომურზე კონკრეტულ ჯგუფთან ერთად აიღო კანონით დადგენილია და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაც. დანაშაულის აღიარება მოხდა საჯაროდ, შინაგანად და გარეგნულად გამოხატული ფორმით ტექსტის კონტექსტით – „ჩვენ დამნაშავე ვართ”, ვაღიარებთ, რომ ეს შედეგი ჩვენმა მოქმედებამ გამოიწვია. ეს აღიარება სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. დღეს ამ ხელისუფლების პირობებში მესმის, რომ ამგვარი აღიარების ფონზეც პირები პირდაპირ სტუდიიდან არ აჰყავთ, მაგრამ ეს საკითხი შესაბამისი სამსახურების რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. თარგმნეთ ეს ვიდეო ინგლისურად, გადაუგზავნეთ ევროპარლამენტარებს და გპირდებით, ისინიც კი არასდროს გაიმეორებენ, რომ „ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.