კახაბერ კუჭავა: ვიმედოვნებ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს, თუ ვინ გაიმარჯვა „ფრონტერასთან” დავაში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა eurasianet-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია კომპანია „ფრონტერასთან” დაკავშირებულ დავაზე.

მისი თქმით, ეს სტატია კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელსაც ეწევიან აღნიშნული კომპანიის მიერ დაფინანსებული კონკრეტული პოლიტიკოსები და პასუხს სცემს იმ კითხვას, თუ რატომაა ასეთი შეტევა სახელმწიფოზე განხორციელებული ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან.

„სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას” საწინაარმდეგოდ მიიღო. თუმცა სპეკულაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. სტატიის ავტორი ცდილობს, ახსნას, თუ რა დგას იმ განცხადებების უკან, რომელიც ამ დავასთან დაკავშირებით კონგრესმენების მხრიდან გაკეთდა. ეს ისედაც ვიცით, რადგან საჯარო ინფორმაციაა და ეს კონგრესმენები პირდაპირ დაფინანსებას იღებენ ლობისტური საქმიანობისთვის კომპანია „ფრონტერასგან”.

ჩემთვის არსებული ინფორმაციით, საქართველომ მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამჟღავნებულიყო, თუმცა კომპანია „ფრონტერასგან” უარი მივიღეთ. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ დაესმება წერტილი სპეკულაციას, თუ ვინ გაიმარჯვა ამ დავაში და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არაა კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებაზე, საუბარია სარეზოლუციო ნაწილზე, სადაც მითითებულია, თუ ვინ არის გამარჯვებული და რა გადაწყვეტილება გამოიტანა საარბიტრაჟო სასამართლომ. ამიტომ ეს სტატია კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელსაც ეწევიან აღნიშნული კომპანიის მიერ დაფინანსებული კონკრეტული პოლიტიკოსები და პასუხს სცემს იმ კითხვას, თუ რატომაა ასეთი შეტევა სახელმწიფოზე განხორციელებული ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები