იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლითაც ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები მკაცრდება.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცვლილებების თანახმად:

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით;
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით.
5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით;
5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად – 2000 ლარის ოდენობით;
2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა 500 ლარით დაჯარიმდება;
2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა;
1 მ³-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით;
დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე. აღნიშნული ცვლილების განხორციელებით კი, უპირველესად, ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას შეეწყობა ხელი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და არსებული საკანონმდებლო აქტების პრაქტიკაში აღსრულება. ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წელს მივიღეთ, თუმცა მასზე დაკვირვების შედეგად, ვფიქრობთ, რომ ის ითხოვს დახვეწას და წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია სწორედ პრატიკაში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას და ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას”, – განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გოგა გულორდავამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის კარდინალურ რეფორმას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა.

მომხსენებლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განმარტებით, ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან და ის შეეხება დავების განხილვის საბჭოს ხელახალ ფორმირებას.

„მოქმედი რეგულაციით არსებობს დავების განხილვის საბჭოს ორი შემადგენლობა. ახალი რეგულაციით, კი ეს ორი შემადგენლობა უქმდება და სრულიად დამოუკიდებელი ორგანო ყალიბდება, რომელიც განცალკევებული იქნება სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოსგან. ის შემდგარი იქნება 5 წევრისგან, რომლებსაც მაღალი ლეგიტიმაციის სტატუსი ექნებათ. სპეციალური კომისია 10 წევრობის კანდიდატს შეარჩევს და პრემიერმინისტრი მათგან, კომისიის მეშვეობით, დანიშნავს 5 წევრს. საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება და ის დაინიშნებიან 5 წლის ვადით”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე თქმით, გაიზრდება გასაჩივრების ჩამონათვალი კერძოდ, საბჭოში აგრეთვე გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ანუ საჩივრდება ყველა გადაწყვეტილება, რასაც კი შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს. ასევე, საჩივრდება შეწყვეტილი ტენდერები, თუ ის არ არის დასაბუთებული და ოქმში სწორად არ არის აღწერილი ტენდერის შეწყვეტის მიზეზები.

ახალი რეგულაციით, ოქმს გასაჩივრების ვადა, 5 დღის ნაცვლად, 10 დღე ექნება. კანონპროექტით, გასაჩივრების დროს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველა პროცედურა ჩერდება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შედეგებისა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ” თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის” გაერთიანების გზით. სააგენტოს კომპეტენციაში მოექცევა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სმართ ლოჯიქის” დებულებით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილებები.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ციფრული მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო, სტრატეგიული, პროცედურული ჩარჩოებისა და სტანდარტების შემუშავება.

კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობას, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, საჯარო სექტორში არსებულ ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველობას. ციფრული მმართველობის განვითარების პარალელურად, სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას.

„ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესში საყურადღებოა ახალი სუბიექტის თითოეული უფლებამოსილება. უკანასკნელი მოვლენებიც იმის დასტურია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში მსგავსი ტიპის ურთიერთობების განვითარება და საკითხების დარეგულირება. ვფიქრობთ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა საკითხის წარდგენისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატისთვის კითხვარის, უწყების ჩაბარების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ხელი შეუწყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეუფერხებელ ფუნქციონირებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის წარდგენისას, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პროექტი უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების შეზღუდვას.

კანონპროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე. ამასთანავე, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები