სი ძინპინი: ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა
“COVID-19-ზე გამარჯვების შემდეგ, პანდემიაზე რეაგირების გლობალური რევიზიის ჩატარების მოწოდებით გამოვდივართ”, – განაცხადა ჯანდაცვის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნაზე ჩინეთის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა.
“კორონავირსს აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ მსგავსი საგანგებო ვითარება უკანასკნელი არ იქნება. საჭიროა ჯანდაცვის გლობალური სისტემის გაუმჯობესება, აუცილებელია რეაგირების ოპერატიულობის გაზრდა, შეიქმნას გლობალურ და რეგიონალურ ჭრილში ეპიდსაწინააღმდეგო საშუალებების სარეზერვო ცენტრები. პანდემიაზე გლობალური რეაგირების ყოველმხრივი შეფასების წინადადებით გამოვდივართ, რათა მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და გამოცდილების გაზიარება”, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ასეთი რევიზია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით უნდა მოხდეს.
ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინმა ჯანმო-ს კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა.
“ჩინეთი ღიაობის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლიანი მიდგომის პრინციპების მომხრეა, მან ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდა. დაყოვნების გარეშე გამოქვეყნდა ვირუსის გენომის შესახებ ინფორმაცია”, – აღნიშნა სი ძინპინმა.