„თუ დააკვირდებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკას გამოთქვამენ და აქტიურობენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არ მალავენ, რომ ღიად არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, აქამდეც არაერთხელ კონკრეტული და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყოფილა მსგავსი ტიპის შეფასებები და კრიტიკაც, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მიკერძოება სახეზეა. რეალურად, საქართველოს აქვს ინტენსიური და ყველაზე მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„2012 წლიდან დავიწყებ და, მათ შორის, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი სენატორი ბატონი რიში, 2012 წლის დეკემბერში წერილობით მიმართავდა ჩვენს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მოუწოდებდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მეტსაც გეტყვით, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურობენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მართლაც მხარს უჭერენ და საქართველოს კარგი მომავლით არიან დაინტერესებულნი, მაინც უნდა ითქვას, რომ მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებულობა სახეზეა. როცა ხელისუფლება მოქმედებს და მართავს ქვეყანას, ყველაზე კარგი მხარდაჭერა ჩანს მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები საქართველოს მუდმივად, ყველა მიმართულებით მხარს უჭერს, ფინანსურად ეხმარება და აძლიერებს მას თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჩანს საქმესა და ურთიერთობაში და მინდა გითხრათ, რომ როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს აქვს ინტენსიური და ყველაზე მაღალი ხარისხის თანამშრომლობა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.