ჩირუხის მთა – მაღალმთიან აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება

მთიან აჭარაში ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა იგეგმება.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.
“მთიანაჭარაში ეკოტურისტული და სამთო ტურისტული პროდუქტების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რათა რეგიონის სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ზღვასთან ერთად მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. ჩირუხის მთა ამ მხრივ გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით. მთაზე არსებულ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურობა ტურისტებს წელსაც შეუძლიათ, თუმცა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის შემთხვევაში ჩირუხი უფრო მიმზიდველი გახდება ალპურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვის“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.
ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები