ინფექციონისტი: ტურიზმი სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და საზღვარზე მკაცრი კონტროლით უნდა გაიხსნას

პანდემიის ფონზე, რამდენად უსაფრთხო იქნება ქვეყანაში ტურიზმის გახსნა? – ამ სკაითხზე ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ტურისტების მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს.

„საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, თანდათანობით აქეთკენაც უნდა წავიდეთ. მაგრამ აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ. სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, საზღვარზე მკაცრი კონტროლით უნდა აღდგეს, მაგრამ არა – უნივერსალურად ყველა ქვეყნისთვის. მაგალითისთვის, ჩვენ რასაც ვუყურებთ, რუსეთში შემთხვევების სერიოზული აღმავლობაა – ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ამიტომ, თუ იქ სიტუაცია არ ნორმალიზდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ თვეში ნორმალიზდეს, მაგალითად, რუსი ტურისტების შემოყვანა შეიძლება, დროებით შეჩერდეს. მეორე მხრივ, ჩინელი ტურისტები შეიძლება, შემოვიდნენ  იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად არის კონტროლირებადი სიტუაცია. ევროპის ქვეყნებშიც უკეთესობაა, თუმცა ბოლო დღეებში, რაც კარანტინი შეარბილეს, ისევ აღმავლობისკენ წავიდა შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ კიდევ ერთი თვეა წინ და გამოჩნდება.
მოკლედ, ტურისტების მიმოსვლა თანდათან, სხვა ქვეყნებზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებით, მათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უნდა აღდგეს“, – განაცხადა ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსნებთ, საქართველო 15 ივნისიდან შიდა, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება. პრემიერის განცხადებით, საქართველო COVID – 19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს.

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი – პირველ ყოვლისა, ეს არის საზღვარი როგორც სახმელეთო, ისე – საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამნისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე  – ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, – განმარტა პრემიერმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები