გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში სოციალურ კამპანიას აგრძელებს
სასურსათე ამანათები, სოციალური კამპანიის ფარგლებში, გიორგი გოგლიჩიძემ, პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული – საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, დავით მიქაბერიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მიუტანა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სოციალურ აქციაში ვეტერანების დასახმარებლად სს “არგოც” ჩაერთო. სასაჩუქრე კალათა პირველადი მოთხოვნის სასურსათე პროდუქტებს აერთიანებდა.
“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ადამიანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღეს სასურსათე პროდუქტები მივუტანეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ხელისუფლებას მუდამ ახსოვს ისინი და ახსოვს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. აქციაში ჩაერთო და დახმარების სურვილი გამოთქვა სს “არგომ” , რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და კეთილი საქმეების კეთებისთვის. გარდა სასურსათო პროდუქტებისა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, 500 ლარი დავურიცხეთ პირად ანგარიშზე. მინდა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს”, – თქვა გიორგი გოგლიჩიძემ.