სოფელში მცხოვრები მოსახლეობა სახნავ-სათეს სამუშაოებს წელს განსაკუთრებულ ყურადღებასა და შრომას უთმობს. ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის აღორძინებას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულის განვითარებასა და ახალი გამოწვევების მიღებას.
მაღალმთიანი აჭარა მოსავლიანობის თვალსაზრისით, ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე იყო. წელს კი გლეხები ცდილობენ, მოსავალი გაამრავალფეროვნონ და არა მარტო კარტოფილისა და სხვა ბოსტნეული კულტურების მოსავალი გაზარდონ, არამედ ახლად გამოყვანილი სანერგე ჯიშებიც გაახარონ.
ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სამეურნეო ჩითილები უფასოდ დაარიგეს. აგროსერვისის ცენტრში წარმოებული 150 000 ძირი პომიდორი, კიტრი, ტკბილი წიწაკა – თითქმის ყველა გლეხმა თავის ბოსტანში უკვე დარგო.
ქედაში მცხოვრები ვლადიმერ თავდგირიძეს 20 წელზე მეტია, ბოსტნეული კულტურა მოჰყავს. 70 წლის ფერმერს სასოფლო-სამეურნეო საქმეში ოჯახის წევრები ეხმარებიან. “რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ ზამთრის დადგომის არასოდეს ეშინოდა, რადგან გაზაფხულზე მაღალმთიანი აჭარის ნოყიერი მიწის, ჯანსაღი ჰაერისა და მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგს მთელი დანარჩენი სეზონის მანძილზე იმკიდა.
ფერმერი ამჯერად აგროსერვისცენტრში სპეციალურად გამოყვანილ პომიდვრის ჯიშის ჩითილს ცდის, რომელიც მერიამ, სხვების მსგავსად, მასაც საჩუქრად გადასცა.
,,ყოველწლიურად 2500 ძირი მოსავალი მომყავდა. ახლა კი მეტწილად პომიდვრის ჩითილი უნდა დავრგო. ქედის პომიდორი ცნობილია თავისი გემოვნებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – მთელს საქართველოში. დარწმუნებული ვარ ესეც კარგი იქნება.
სხვა რა გითხრათ, არასოდეს ვყოფილვარ სხვის კმაყოფაზე, მე და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი სულ მიწას ვამუშავებდით, ჩვენი ხელით მოგვყავდა ბოსტნეული, ჩაგვქონდა ქალაქში და ვყიდდით, ასე დავზარდე შვილები და შვილიშვილებიც, უზრუნველყოფილნი მყვანან, რითაც შემიძლია, რა თქმა უნდა“, – ამბობს ვლადიმერ თავდგირიძე.
გარდა ჩითილების გადაცემისა, წელს პირველად, სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიეტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 2500 ჰა მიწა დამუშავდა.
,,სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც, საბოლოოდ, აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
ცნობისთვის, ქედაში პირველ ეტაპზე 85 200 ძირი პომიდვრის ჩითილი დარიგდა.