როგორ უნდა იმუშაონ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა – ახალი რეკომენდაციები ცნობილია

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი რეკომენდაციები ცნობილია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე უნდა დაიწყოს. დაწესებულებაში უნდა იყოს: დისტანციური თერმომეტრი, პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი, ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშოებში. ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პაციენტებისთვის, თხევადი საპნის დისპენსერები ხელსაბანებთან.

გაიდლაინის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს სტომატოლოგიური პერსონალისთვის  ინდივიდური დაცვის შემდეგი საშუალებები უნდა ჰქონდეს: N95, ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სამედიცინო ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე
, არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები, ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი (სამედიცინო ქუდი), ერთჯერადი გამოყენების ინდივიდური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი. ინდივიდური დაცვის საშუალებები პაციენტისთვის: ბახილები, სამედიცინო ნიღაბი, დამცავი სათვალე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს – აქ ჩამონათვალი ასეთია: ხელსაბანი ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშო, ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის 4-მეტრიანი დისტანცია, საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვისა და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენში) მომუშავე პერსონალის დაცვისთვის უნდა იყოს: რეგისტრატურასთან მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 მაისიდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შესული განცხადებების საფუძველზე, სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს დაიწყებენ.

„სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge
შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები