დღეისათვის საქართველოში 64 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა. დღეისათვის, საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას. აგრარული ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა.
საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.