პროფესორი დალი ჩიკვილაძე გარდაიცვალა

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი, უამრავი თაობის აღმზრდელი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი დალი ჩიკვილაძე. ინფორმაციას ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება ავრცელებს.
„გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი და საზოგადოების უცვლელი საპატიო თავმჯდომარე, პროფესორი დალი ჩიკვილაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ჩვენს ქვეყანას აუნაზღაურებელ დანაკლისს. მადლობა ქალბატონო დალი, დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რასაც მთელი ცხოვრება ეწეოდით ჩვენი სამშობლოსათვის“… – აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დალი  ჩიკვილაძე დაიბადა 1935 წ. 1 ოქტომბერს თბილისში. დაამთავრა მეცამეტე ქალთა სკოლა ოქროს მედლით 1953 წელს. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1958 წელს წარჩინებით (წითელი დიპლომით), 1961 წელს ჩაირიცხა თსუ–ს ასპირანტურაში ჟურნალისტიკის ისტორიის სპეციალობით. საკვლევი თემა იყო სრულიად შეუსწავლელი ჟურნალი „კრებული“, რომლის ფაქტიური რედაქტორი გახლდათ ნიკო ნიკოლაძე და გამოდიოდა 1871–1873 წლებში.
დისერტაცია დაიცვა, მიენიჭა საძიებელი ხარისხი და 1963 წელის 14 სექტემბერს აირჩიეს ჟურნალისტიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, შემდეგ (1991წ.) ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგედ, რომელსაც ასრულებდა, ვიდრე კათედრები არსებობდა თსუ-ში.
2010 წელს დატოვა უნივერსიტეტი და სამუშაოდ გადავიდა გურამ თავართქილაძის სახელობის თსუ-ში სრული პროფესორის თანამდებობაზე.
დალი ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა ბევრმა ასპირანტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან. ამასთან არის ბევრი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის მომწყობი და წაკითხულ მოხსენებათა ავტორი.
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2014წ. 21 მარტს დაჯილდოებულია ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, ხოლო 2015 წლის 21 მარტს მიენიჭა დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება.
2019 წლიდან არჩეული იყო ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების უცვლელ საპატიო თავმჯდომარედ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები