ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება
ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ლიტვური კომპანია შპს ,Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
“მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს.
პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ-ს გარეშე).
პროექტის 20% თანადამფინანსებელია სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”.
მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაერო-ს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთან.
მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ, პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს, პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ, მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.