სსფ: სებ-ის გონივრული მიდგომით, ბანკები პანდემიას მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ

“სწორედ ეროვნული ბანკის მიერ შოკამდე გადადგმული ნაბიჯების გამო, კომერციული ბანკები მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ COVID-19 – ის პანდემიას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, როგორიცაა სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის შემცირება”, – ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული ბანკი სწორად მოქმედებს და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს. “მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანთქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხისშემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტია”, – აღნიშნულია ანგარიშში.

სსფ-ის შეფასებით,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა.

“COVID-19 – ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო”, – აცხადებს ფონდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შედეგები გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში კარგად ფასდება, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და COVID 19-ის პანდემიამ მყისიერი დაფინანსების საჭიროება შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები