არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარს: შეშფოთებული ვარ წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებს, ეს გაგებულია, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში

“შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება  სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებს. ჩვენი მხრივ, ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ევროპარლამენტის წევრის, ანდიურ კუბილიუსისთვის მიწერილ წერილშია ნათქვამია.

არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის ევროპარლამენტარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ ინტერესისთვის, ასევე, აღნიშნავს, რომ “საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.”

“უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება COVID-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებულნი არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში.

8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიკური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების კიდევ უფრო გამყარებისთვის, განსაკუთრებით მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ შეთანხმებას ქართულმა ოცნებამ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობითა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება  სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ დავერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

სისხლის სამართლის არცერთი  საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას.

ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრს გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის ხელშეკრულებას. როგორც კუბილიუსი წერს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, „შესაძლოა, მიჩნეულ იყოს, როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები