მამუკა მდინარაძე: რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი

“მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი. ამიტომ მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივზე გადავიდეს. ასევე ცინიკურია „უკვდავ პოლკზე“ საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს“, –  განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საპარლამენტო დიალოგი საქართველოსა და უკრაინასთან სრულად აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები