თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდგამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში
“მშვიდობიანად, ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო პირველი ივლისიდან – უცხოელი ტურისტის მიღებას”, – იურისტი თამთა მეგრელიშვილი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.
იურისტის თქმით, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდგამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით, პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში.
თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში იმ ნაბიჯების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლებიც ეპიდემიის დროს გადაიდგა.
„2019 წლის მონაცემებით, საქართველოს 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ხოლო სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა გრძელდებოდა 2020 წლის იანვარ-თებერვალშიც, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა, ამ პროცესის უწყვეტობაც დაირღვა. ეპიდემიის დროს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მრავალმხრივი მნიშვნელობისაა – სასტუმროების საკარანტინო ზონებად გამოყოფით ხელისუფლებამ, ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ერთად, დიდი დახმარება გაუწია სასტუმროების ბიზნესს და ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა ანაზღაურებადი სამსახური; ხელისუფლებამ ტურიზმის სექტორის დასაცავად გადაავადა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი; მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის პროცენტი 6 თვის მანძილზე დაუსუბსიდირა და დაეხმარა კომერციული სესხების რესტრუქტურიზაციაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიც, ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ამ სექტორის კომპანიებსა და დასაქმებულებზე ზრუნვა – მათთვის 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი, თვითდასაქმებულებისთვის კი ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის გამოყოფით; მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ამ პროცესში დამსაქმებლისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება (1500-მდე 750 ლარის საშემოსავლო) და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გაორმაგება. მშვიდობიანად ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1-ელი ივლისიდან – უცხოელი ტურისტის მიღებას. საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდგამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში”, – წერს იურისტი.
იმ ადამიანებს კი, ვინც, მეგრელიშვილის თქმით, ამ ბრძოლაში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს და ქვეყნის რეპუტაციის შელახვითაა დაკავებული, იურისტი ასე მიმართავს – “არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ”.