მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ გვქონდა 610 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და, ჯამურად, 615-ია. გვყავს 275 გამოჯანმრთელებული. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, კოვიდის მიმღებ ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს. თუ ამ დღეების განმავლობაში არსებულ ციფრებს გადახედავთ, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას უახლოვდება, რაც ძალიან კარგია, ე.ი. 275 გაეწერა და 331 მკურნალობს. თუ ასე გაგრძელდება, განსხვავება, ალბათ, კარგი და სერიოზული იქნება.
რაც შეხება ხუთ ახალ დადასტურებულ შემთხვევას – ყველას წყარო ცნობილია. სამი აქედან საკარანტინო სივრციდანაა, გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. გუშინ კლინიკა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ჯამურად, ინფექციურს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.