რძის ნაწარმი რძის გარეშე – სარფიანი ბიზნესი 30 %-ით გაზრდილი მოგებით
შეიცავს თუ არა ბაზარზე რძის ნაწარმის სახელით წარმოდგენილი პროდუქცია( ყველი, ხაჭო, მაწონი არაჟანი, იოგურტი) რძეს? როგორც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი გვეუბნება, რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები უპირატესობას რძის ფხვნილს და არა ნედლ რძეს ანიჭებენ. გიგაშვილის განმარტებით, ამას ადგილობრივი მწარმოებლები წმინდა პრაგმატული მოსაზრებით აკეთებენ, ვინაიდან ნედლ რძესთან შედარებით რძის ფხვნილით პროდუქციის დამზადება უფრო იაფი ჯდება და მეტ მოგებასაც ტოვებს.
ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა ირანული წარმოების შესქელებული მაღალცხიმიანი რძეც (პასტა) და, როგორც გიგაშვილი აცხადებს, ადგილობრივი საწარმოები, განსაკუთრებით – დიდი კომპანიები, ამ პროდუქტის აქტიური მომხმარებლები გახდნენ. გიგაშვილის თქმით, არავინ იცის ირანული რძის რეალური შემცველობა, სანდოა თუ არა მისი წარმოშობის სერრიფიკატი და რამდენად გამართლებულია, მისგან დამზადებულ პროდუქტს ეტიკეტზე “საღი რძისგან მიღებული” ეწეროს. გიგაშვილის შეფასებით, ბაზარზე ირანული რძის შემოსვლით ნედლი რძის წამოებას საქართველოში დამატებითი კონკურენტი გამოუჩნდა.
ირანული შესქელებული რძის იმპორტი თუ გრძელდება, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვება ხომ არაფერი შეცვალა?
არაფერი შეცვლილა. ამ პროდუქტის იმპორტი ისევ ხდება. საქმე ისაა, რომ ახლა ჭიდილი მიმდინარეობს არა საქართველოში წარმოებულ ნედლ რძესთან, არამედ – ირანულ რძესა და რძის ფხვნილს შორის.
რამდენი გადამამუშავებელი საწარმოა საქართველოში და მსხვილი კომპანიებიდან ვინ რომელ ნედლეულს ანიჭებს უპირატესობას?
საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 100-მდე ან ცოტა მეტი გადამამუშავებელი საქმიანობს, ეს ლეგალურად – რალეგალური წარმოებები ცალკე თემაა. კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ფაქტია და ამას თავადაც აღიარებენ, რომ საბოლოო პროდუქტის მისაღებად, ძირითადად, რძის ფხვნილსა და ირანულ რძეს (პასტა) იყენებენ. ირანული რძისგან ყველაზე სარფიანად ყველი მზადდება, დაახლოებით, 30-% ით მეტ მოგებას ტოვებს.
გასაგებია, რომ კომპანიებს ვერ დაასახელებთ, თუმცა იმის თქმა თუ შეიძლება, პროცენტულად რამდენი მოიხმარს ნედლ რძეს და რამდენი – მის შემცვლელს?
ვერ გეტყვით. ამის დასადგენად კვლევაა ჩასატარებელი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა.
ირანული რძის( პასტა) ხარისხზე თუ არსებობს რაიმე კვლევა?
კი, არსებობს დოკუმენტაცია, რომ ის არ შეესაბამება ჩვენი ტექნიკური რეგლამენტის ხარისხის სტანდარტებს და მისგან დამზადებულ პროდუქტს “რძე” ვერ დაეწერება. ახლა, კოვიდის პირობებში არ მგონია, ვინმე უყურებდეს ვინ რას იყენებს. მთავარია, დეფიციტი არ იყოს ბაზარზე.
შეიძლება ითქვას, რომ არსებულ პირობებში ნედლი რძის წარმოება ვერ ახერხებს კონკურენციას და ეს ბიზნესი არაა მომგებიანი?
კი, შეიძლება. რაც უნდა დიდი ფული მქონდეს, ამ ბიზნესს არ დავიწყებდი. საქართველოს რძის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნედლი რძის მაღალი თვითრირებულება და მასზე დაბალი მოთხოვნაა. ამის მიზეზი კი მეწველი პირუტყვისთვის იმპორტირებული საკვების მაღალი ფასია. პანდემიის გამო, რძის ფხვნილი სასურსათო პროდუქტის იმ ჩამონათვალში მოხვდა, რომლის ფასიც სახელმწიფომ სავალუტო რყევებისგან დააზღვია, ანუ სუბსიდირება მოახდინა, რამაც ნედლი რძის წარმოებას დამატებით პრობლემა შეუქმნა.
რძის პროდუქტია ყველიც, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა საქართველოში – მის ხარისხზე რას იტყვით?
მოქმედი რეგლამენტით, ნედლი რძის გამოყენების ვალდებულება მხოლოდ ყველზე ვრცელდება. ბაზარზე ყველის სახელით გატანილი პროდუქტი აუცილებლად ნედლი რძისაგან უნდა იყოს
დამზადებული და ეს ხარისხის გარკვეულ გარანტიას იძლევა, თუმცა – არა გლეხური მეურნეობების, ანუ ფიზიკური პირების შემთხვევაში. ამ პროდუქციის ავკარგიანობის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იყიდის მომხმარებელი ასეთ პროდუქტს, თეთრია, ნრგვალი და ყველი ჰგონია, მაგრამ შეიძლება, მასში ყველის ნასახიც არ იყოს.
როგორც ვიცი, ყველის მსგავსად, ნედლი რძის გამოყენების ვალდებულება მაწონზეც გავრცელდება. მაწონს საქართველოში დიდი რაოდენობით მოვიხმართ და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება ნედლი რძის ადგილობრივი წარმოებისთვის ერთგვარი მაშველი რგოლი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 546.9 მლნ. ლიტრი რძე აწარმოა. 2018 წელთან შედარებით ნედლი რძის წარმოება 3 %-ით შემცირდა.