თამარ გაბუნია: სოლიდარობის კვლევის აქციაში 7 კლინიკით ჩავერთვებით, მთავარი ფლაგმანი კი ინფექციური საავადმყოფო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.
“ამ კვირაში დასრულდება ფორმალური პროცედურები სოლიდარობის კვლევაში ჩართვისთვის. კვლევის ფარგლებში, ექსპერიმენტის სახით იქნება გამოყენებული მკურნალობის ოთხი სხვადასხვა მეთოდი და მათ შორის ერთერთი გახლავთ „რემდესივირით“ მკურნალობა, რაც იძლევა შესაძლებლობას ქართველი პაციენტებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა „რემდესივირზე“ კვლევის ფარგლებში. საბედნიეროდ, პაციენტების რაოდენობა მცირეა, თუმცა, საყურადღებოა მძიმე პაციენტების ბედი.
ის, რომ საქართველო მოკლე ხანში შეუერთდება სოლიდარობის კვლევას, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული მდგომარეობის ეფექტური მართვისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კვლევაში ჩართვისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული.
„ამ კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულია სულ 7 დაწესებულება. ეს ის დაწესებულებებია, სადაც მიმდინარეობს კოვიდპაციენტების მართვა.
ინფექციური საავადმყოფო იქნება მთავარი ფლაგმანი ამ კვლევაში, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვა დანარჩენ კლინიკებსაც, რომ„რემდესივირისა“ და მკურნალობის სხვა სამი მეთოდის გამოყენება მოხდეს შესაფერის შემთხვევებში, კვლევის პროტოკოლის მიხედვით.
ჩვენ გვაქვს ეროვნული ეთიკური საბჭოს სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ კვლევა წარიმართოს შემოთავაზებული პროტოკოლით და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა მივიღოთ ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს”, – განაცხადა გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში საუბრისას.
სოლიდარობის კვლევის აქცია მეთოდია, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4 სხვადასხვა მეთოდით უმკურნალებს, მიღებულ შედეგებს შეადარებს და ამ გზით მკურნალობის ეფექტურობას შეამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები