მეუფე პეტრე: პატრიარქს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უნდა მოეხსნას, უნდა მომეცეს საშუალება, წაყენებული ბრალდება დამტკიცდეს

“პატრიარქს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უნდა მოეხსნას”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს.
მისი თქმით, საეკლესიო სასამართლოს ფორმატი უნდა შეიქმნას, სადაც მის მიერ წაყენებული ბრალდების განხილვა მოხდება.
“პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებსა და ბრალდებებზე. ვითხოვ სინოდის გამჭვირვალობას, საეკლესიო სასამართლოს ფორმატის შექმნას, რომელიც არ არსებობს და რომელიც არის ტრაგედია საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიისთვის. უნდა მოხდეს ჩემ მიერ წაყენებული ბრალდების განხილვა. უნდა მომეცეს საშუალება, რომ წაყენებული ბრალდება დამტკიცდეს და, შესაბამისად, საეკლესიო სასამართლოსა და რჯულის კანონის მიხედვით იქნას შედეგი დადებული.
ყველაზე დიდი მტრობა მართლმადიდებლობისა და ანტიქრისტიანული რეალობა არის, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუხებლობით, თუ იმუნიტეტით არის გარანტირებული კონსტიტუციის მიხედვით. უნდა მოეხსნას პატრიარქს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და, როგორც თამარ მეფემ მოუწოდა კრებას, დაიწყეთ მხილებით და დაიწყეთ ჩემგან – ნურც ნურავის დაზოგავთ თავისი ტიტულისა და დიდების გამო, ნურც ნურავის დაჩაგრავთ წოდების არქონის გამოო.
ჩვენი პრობლემააა შერჩევითი სამართალი. მათ უნდათ, ეს ნორმად აქციონ, რომ თურმე შეიძლება, იყოს მაღალი იერარქი ამ მძიმე ცოდვის მატარებელი და თუნდაც, მოძალადე, შემვიწროებელი მამათმავლურად, თუ სექსუალურად, თუ ა.შ. გარეთ შეიძლება, “ტაბურეტკებით” დავდევდეთ ადამიანებს, ფილმის გაშვების უფლებას არ ვაძლევდეთ და შიგნით, დამალულად ეს შეიძლება, ხდებოდეს. ეს არის უბედურება. ეს არის ანტიმართლმადიდებლობა, ანტიქრისტიანული სული”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ „tv პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები