უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში – თბილისში ბინები გაძვირდა

“გაზრდილი რისკები, ინფლაციური ზეწოლა და მომხმარებლის გაუარესებული მოლოდინები მოგვაგონებს 2008-2009 წლის კრიზისს, როცა უძრავი ქონების ფასები და სამშენებლო აქტივობა მკვეთრად შემცირდა და ბაზარს გამოცოცხლებისთვის 3 წელი დასჭირდა”, – აღნიშნულია Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.
Galt&Taggart-ის შეფასებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, უცხოურ ვალუტაში რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების წყალობით, მკვეთრად გაიზარდა იპოთეკების გაცემა, რაც უძრავი ქონების რეალიზაციის სტიმულირების საფუძველი გახდა. თუმცა, covid 19-მა მოლოდინები გააუარესა და 2020 წლის მარტში იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირდა 134 მლნ ლარამდე (-45.5% წ/წ გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით).
ბინების გაყიდვები გაიზარდა 2020 წლის იანვარსა (+0.9% წ/წ) და თებერვალში (+7.7% წ/წ), თუმცა მარტში კლება დაფიქსირდა (-7.7% წ/წ).
მარტის პირველ ნახევარში გაყიდვები განაგრძობდა ზრდას, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში. კერძოდ დაფიქსირდა – 37.6%-იანი კლება, პირველ ნახევართან შედარებით.

5 უბანი თბილისში, სადაც ბინები გაძვირდა

მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რაც, Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური გარემოს იგნორირებაა.

“ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.0%-ით თ/თ, ხოლო ლარში 3.8%-ით თ/თ 2020 წლის მარტში. თუმცა, 2019 წლის მარტთან შედარებით ფასები მაინც შემცირებულია 5.4%-ით. 2020 წლის მარტში ძველი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.9%-ით თ/თ, ხოლო ლარში 6.0%-ით თ/თ. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში – შედარებით სტაბილური”, – ვკითხულობთ საკონსულტაციო ორგანიზაციის მიმოხილვაში.

საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები გაიზარდა შემდეგ უბნებში:

ვაკე – 1,102 აშშ დოლარამდე (+14% წ/წ);
მთაწმინდა – 1,040 აშშ დოლარამდე (+9% წ/წ);
დიდუბე – 793 აშშ დოლარამდე (+8% წ/წ);
გლდანი – 537 აშშ დოლარამდე (+7% წ/წ);
დიდი დიღომი – 530 აშშ დოლარამდე (+5% წ/წ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები