დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები – რა პირობებში მოუწევთ მუშაობა სილამაზის სალონებს

კორონავისრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ სილამაზის სალონები ფუნქციონირებას 8 ივნისიდან შეძლებენ, თუმცა – მკაცრი რეგულაციების დაცვით.

რეგულაციებისა და შეზღუდვების ჩამონათვალი უკვე ცნობილია და სალონებს შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ:

1. უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.
2.ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის, ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
3. კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
4. ხელოსნებს შორის, ასევე, მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.
5. მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს – ფარები, ნიღბები და, საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი), ხელთათმანი.
6. ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
7. ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ.
8. აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება.
9. დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები – ყოველი მომხმარებლის შემდეგ.
10. სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია, შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან.
11.ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.

საქართველოს სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი თამარ შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ რეგულაციები ფასების ზრდის მიზეზი გახდება, თუმცა რამდენით – ამის თქმა უჭირს.
მისი თქმით, თუ ხელოსნებს შორის დისტანციის დაცვის მიზნით სალონებს მათი რაოდენობის შემცირება მოუწევთ, შესაძლოა, ქირის ფასიც ვერ გადაიხადონ.

შარაშენიძის მოსაზრებით, დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილება ბევრ სალონს გაუჭირდება, ხოლო ვინც მოახერხებს, ის მომსახურებას გააძვირებს, რადგან ხარჯის კომპენსაცია მოუწევს.

კორონავირუსის გავრცელებამდე, სილამაზის რამდენი სალონი ფუნქციონირებდა საქართველოში?

როგორც მე ვიცი, დაახლოებით, 3 ათასი და აქედან 80 % თბილისში. თუმცა, ბოლო დროს სილამაზის სალონების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილი იყო ბათუმში და, დიდი ალბათობით, ეს ტურიზმის განვითარებას უკავშირდება.

დაახლოებით, რამდენი ადამიანია ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებული?
ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, თუმცა, სადღაც, 50 ათასი. მარტო მიწისქვეშა გადასავლელების სალონებში 4-5 ხელოსანია დასაქმებული, პლუს ამას, დამლაგებლები.

თქვენ აცხადებთ, რომ ბევრი სალონი ვერ შეძლებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. დაახლოებით, რამდენ სალონზეა საუბარი, რეგულაციების გამო რამდენი ადამიანი შეიძლება, დარჩეს უმუშევარი ?

გამიჭირდება ამის თქმა, ფაქტია, რომ რეგულაციები მკაცრია და პირველ ეტაპზე მათი აღსრულება რთული იქნება. თუმცა 8 ივნისამდე დრო კიდევ არის და ვფიქრობ, ბიზნესი მოახერხებს ადაპტირებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში სილამაზის სალონები გაიხსნა. ხომ არ იცით, იქ რა რეგულაციები მოქმედებს?

არა, აზერბაიჯანში რა როგორაა, არ ვიცი, თუმცა აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სომხეთთან და იქაც, დაახლოებით, ანალოგიური შეზღუდვები აქვთ.

თუ გქონდათ კომუნიკაცია მარეგულულირებელთან ხომ არ აპირებენ თქვენი შენიშვნების გათვალისწინებას?
კი, გვქონდა, თუმცა რა შეიცვლება და როგორ, არ ვიცი. 8 ივნისამდე დრო არის და იქამდე შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები მოხდეს.

აქვე გთავაზობთ სალონების ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდზე ამ ბიზნესით დაკავებული მეწარმეების შეეფასებებსა და მოსაზრებებს:
“მესმის, რომ აუცილებელია წესების დაცვა და სიფრთხილე. მაგაემ ვისაც პატარა ფართი აქვს, იმან რაქნას, როგორ უნდა იმუშაოს? ქირა როგორ უნდა გადაიხადოს?არსებობა არ გვინდა ადამიანებს? შეცვალეთ ეს რეგულაციები და გაითვალისწინეთ ადამიანები, რომლებიც სალონის იმედად არჩენენ ოჯახებს, იხდიან ბანკებს და არსებობენ”.

“უცილებლად გადასახედია ეს რეგულაციები. ვინც ამ რეგულაციებით უმუშევარი დარჩება, როგორ ფიქრობთ, სახლში გააჩერებთ? ადგება და ივლის სახლებში… ამით კი უფრო მეტი შანსია, კოვიდ-19 შეხვდეს და მერე გაავრცელოს. სამწუხაროდ, მათ ვერ გააკონტროლებენ. კი ბატონო, დეზობარიერები, თერმოსკანერები და დეზინფექცია უნდა იყოს, მაგრამ 5 ადამიანის მეტმა არ იმუშაოს 1 სალონში, წარმოუდგენელია”.

“აუცილებლად თავიდან უნდა გადახედონ და შეცვალონ ეს რეგულაციები. ეს, უბრალოდ, თვალის ახვევაა. ვითომ, გვაძლევენ მუშაობის საშუალებას და რეალურად გამოდის, რომ ყველა ვალდებულება დაგვეკისრება და გადახდის საშუალება არ გვექნება. თუ აქამდე 7 ადამიანს ამუშავებდი, ახლა უნდა იმუშაოს ორმა, რაც აბსურდია”.

“ეს თერმომეტრი ერთი რომ იყოს, არაა საკმარისი? ყველამ რატომ უნდა ვიყიდოთ? ფართი კი დიდი მაქვს და სხვა დანარჩენიც არაა პრობლემა, მაგრამ ეს გამყოფი კედლები, თერმომეტრი, ბარიერი, ხარჯებთანაა დაჯავშირებული და ცოტა ძნელია. ხსნარები და დეზინფექცია საერთიდ არაა პრობლემა, ისედაც მაქვს ბევრი. უბრალოდ, 18 მარტს დაგვხურეს და ასე უფულოდ დარჩენილები ამ ყველაფერს როგორ შევძლებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები