ივანე მაჭავარიანი: თუ კომპანიები საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას მოგვაწვდიან, დაჯარიმდებიან
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიები მთავრობის მხრიდან საშემოსავლო გადასახადის კუთხით შეღავათის სარგებლობისთვის ან დასაქმებულებზე, ჯამურად, 1200-ლარიანი დახმარების მიღებისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
მისი თქმით, ეს მიზნად მცდარი მონაცემების მიწოდების თავიდან აცილებას ისახავს.
„იცით, რომ, ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში, ჯამურად, 1200 ლარის დახმარება ოფიციალურად დასაქმებულებზე, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში, „საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.