თამარ იოსელიანი: მეკობრეებს გადარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება

“მეკობრეების მიერ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატიურ უწყებებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს”, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი აცხადებს.

იოსელიანის ინფორმაციით, გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილზეა და ისინი დღეს შევლენ დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში, შემდგომში კი საქართველოში მათი დაბრუნების პროცედურა დაიწყება.

„გემთმფლობელი არის ძალიან პასუხისმგებლიანი. მან უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვართ ჩართული როგორც სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური უწყებები. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურები. მოგეხსენებათ მეზღვაურების როტაცია მსოფლიოში შეფერხებულია. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ოღონდ ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული ორგანიზება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები