მარინა ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ამჟამად, ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი იმყოფება. გუშინ, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. ორი დღის განმავლობაში, სულ 17 პაციენტი შემოვიდა. 5 არის მძიმე პნევმონიით, ამ ხუთის გარდა არის ერთი ძალიან მძიმე პაციენტი, კრიტიკული, რომელიც ჟანგბადის მხარდაჭერის ქვეშ იმყოფება. ჯერჯერობით, პროგნოზი გაურკვეველია. ამ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს ასაკი, 80 წელს არის გადაცილებული, აქვს თანხმლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, ამდენად ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება. ბოლნისიდან ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
საბედნიეროდ, ჩვენს ცენტრში არცერთი თანამშრომელი ჯერჯერობით არ დასნებოვნებულა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.