მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე: როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო, ისე მოვიქეცით ჩვენც
“ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადაში არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადაში არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება ასევე, თავმოყვარე ქვეყნისა, როგორც მოიქცეოდა ისე მოვიქეცით ჩვენც. სხვა გზაც არ არის, სულ რომ არ გინდოდეს ამის გაკეთება ასე უნდა მოიქცე. ლაპარაკია ძებნილზე, რომელსაც სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩენით დადასტურებული აქვს, ძალიან მძიმე დანაშაული. ამას თავისი მორალური მხარეც აქვს. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ტელეფონები გაჰქონდათ მეორე ოთახში პოლიტიკაზე, ბიზნესზე და მსგავს საკითხებზე საუბრისას. საუბარი არ არის ერთეულ შემთხვევებზე არამედ, ლაპარაკია იმაზე თუ რაში მდგომარეობდა სისტემური დანაშაულები. ამის ერთ-ერთი ბოლო შედეგი, როდესაც მორალურ მხარეზე ვსაუბრობთ იყო ის, რომ ტელეფონები გაჰქონდათ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომ მათთვის ვინმეს არ მოესმინა და შემდეგ უბედურება არ დატრიალებულიყო. ამ სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი. შენი ქვეყანა თუ გიყვარს უნდა უზრუნველყო, რომ მესიჯიც და პოზიციაც ასეთი იყოს – რომ ვერასოდეს ვერავინ გაიფიქროს მსგავსი რამის გაკეთება ამ ქვეყანაში. იმ ადამიანებსაც კი, ვინც დღეს გაკვირვებას გამოთქვამენ და მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, მისი პარტიის ლიდერებიც ასე იქცეოდნენ, მათაც კი ეშინოდათ”, -აღნიშნა მდინარაძემ.