ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

აჭარაში 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 390 კვლევიდან Covid-19-ზე პასუხი ყველა უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცხელების კლინიკიდან გუშინ 4 პაციენტი გაეწერა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად მოიმატებს.
,, სიტუაცია სტაბილურია და ვიმედოვნებთ ახალი შემთხვევები იქნება მინიმალური და ერთეული. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. რაც შეეხება ქობულეთის სოფლებს, ადგილობრივებს შიდაიზოლაციის პერიოდი დაუსრულდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ 50-ზე მეტი პირი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თუმცა სოფლები ისევ რჩებიან მაღალი რისკის ზონად, მანამ სანამ ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში არ გვექნება სხვა დამატებითი შემთხვევები. ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე კი რამდენიმე პირი ისევ შიდაიზოლაციაში რჩება.“-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეის მდგომარეობით, კლინიკა ,,მედალფაში“ კორონავირუსზე 24 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. საერთო ჯამში, აჭარაში ვირუსისგან 31 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცე უკვე დატოვა 4 300-მა ადამიანმა, ხოლო ორკვირიანი დაკვირვების ქვეშ რჩება 1600 მოქალაქე. კორონავირუსზე 40 საეჭვო პაციენტის კვლევის პასუხები კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები