აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო მოინახულა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო შპს ,,ნატურალ პროდუქტი” მოინახულა და საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნო.
საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 400-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის თქმით, აღნიშნული საწარმოს მუშაობა რეგიონში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,
“მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რძის გადამამუშავებელი საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.
საწარმო დღიურად 4-დან 5 ტონამდე რძეს ამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღს, მაწონს და კარაქს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარში და სუპერმარკეტებში, ასევე გადის ექსპორტზეც. საწარმოში 20-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.