ბოლნისში ადგილობრივები პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დაუპირისპირდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ისინი როგორც ექიმებს, ისე საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სოფელ მუშევანში ბოლნისის მერის წარმომადგენელმა, რობიზონ სელიმაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, სოფელ მუშევანში კორონავირუსი 10 ადამიანს აქვს დადასტურებული და ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.
“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დაზიანებულია ”, – განაცხადა რობიზონ სელიმაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს შემხებლობაში პირების გამოკითხვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მსუბუქად დაზიანებულია ორი ავტომობილი.