ლევან რატიანი: ჩვენი კლინიკა 11 მარტის შემდეგ კარანტინის რეჟიმშია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კარანტინის რეჟიმი 11 მარტიდანაა გამოცხადებული.
„ჩვენი კლინიკა კარანტინში იმყოფება. 11 მარტიდან ექიმები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მუშობენ, 14 დღეს რჩებიან და მეთხუთმეტე დღეს მიდიან სახლში. პაციენტებს ჩვეულებრივად ვიღებთ“, – განაცხადა რატიანმა „Tv პირველთან“ საუბრისას.
კითხვაზე – დაუდასტურდა თუ არა კლინიკის ექიმს კორონავირუსი, რატიანი პასუხობს:
„თქვენ იცით, რომ მე პაციენტზე არ ვლაპარაკობ. ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, უტარდება მკურნალობა. არასდროს ვლაპარაკობ ამ რაღაცებზე, ექიმიც შეიძლება, იყოს მათ შორის, დამლაგებელიც, პედაგოგიც“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსნებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლინიკაში კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთერთი ექიმის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.