ირაკლი კობახიძე: უკრაინელი დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს

​„ჩვენთვის მიუღებელი იყო ის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაეკავებინა რაიმე მაღალი თანამდებობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი იყო ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.  ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გვქონდა შესაბამისი რეაქცია”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „POS TV”- ის ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უკრაინელ კოლეგებთან გამართულ კონსულტაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია და მიწოდებული ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინულ მხარეს შესაძლო გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ისტორიული და მეგობრული კავშირი უკრაინელ ხალხთან, აქედან გამომდინარე ამ მეგობრობას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხალხთა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა, ასეთივე მეგობრობა იყოს ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორისაც. აქედანაც გამომდინარეობს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. შესაბამისად, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და როგორც მეგობრებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ასევე სხვადასხვა დონეზე გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია, მაგალითად, იყო პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვერხოვნაია რადას თავმჯდომარის მიმართ და გარდა ამისა ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო ასამბლეებში და ტრადიციულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის დელეგაციებთან. უკრაინელი კოლეგები თავიდანვე გაგებით მოეკიდნენ ჩვენ შეშფოთებას, უმეტესობას პოზიცია არ ქონდა ჩამოყალიბებული და როდესაც შედგა პირველი კომუნიკაცია მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს. საუბარი იყო მხოლოდ ფაქტებზე და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ გადაეხედათ შესაძლო გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრმა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეახსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ავანტურისტული ბუნების წყალობით, მას ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ადგილიც კი ეკავა.

„ჩვენ ვიცით სააკაშვილის პროვნება, ვიცით მისი წარსულის ნაბიჯები. ვიცით, რომ სააკაშვილი არის ავანტურისტი თავისი ბუნებით. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც ეტაპამდე, მისი ავანტურისტობა იყო წარმატებული და წლების მანძილზე მან მიაღწია წარმატებებს პოლიტიკაში. ის იყო წარმატებული ვარდების რევოლუციაში, შემდეგ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და ოპოზიცია ვერ ახერხებდა მისი პოზიციების შერყევას. თუმცა შემდეგ გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელმაც აჩვენა, რომ რეალურად ის იყო დიდოსტატი და ესენი იყვნენ მაქსიმუმ მეორე თანრიგოსნები იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ საქართველოში დაგვჭირდა რამდენიმე წელი სააკაშვილის გასაცნობად და ახლა უკვე გაიცნეს ის დასავლეთში პარტნიორებმა, უკრაინაში გაიცნეს და საქართველოში კიდევ უფრო კარგად და ასე შემდეგ. დღეს უკვე გაშიფრული და გაშიშვლებულია მიხეილ სააკაშვილი და ყველამ კარგად იცის ვინ არის ის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები