აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს მხარი უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საბჭოს სხდომა ურთიერთ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტიდან covid-19 თან ბრძოლისთვის 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თქმით არასაკმარისია და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, 20-დან 8 მილიონზე მეტი ჯანდაცვის სფეროზე დაიხარჯება, მათ შორის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე, სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალის აღჭურვასა და მარაგების შექმნაზე. ხოლო 7 მილიონზე მეტი გამოიყო საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებისთვის.

“თანხების მობილიზება მთავრობამ მოახერხა სამთავრობო უწყებების ადმინისტრაციული, მათ შორის სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით, საერთო ჯამში 2 ნახევარი მილიონი ლარით. 90 ათასი ლარით შემცირდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება, 250 ათასი ლარით შემცირდა აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა 9 762 600 ლარით. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი – 9 454 700 ლარით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,9 მილიონი ლარი”,- განაცხადა ფუტკარაძემ.

საბოლოო ჯამში, აჭარის ბიუჯეტი, რომელიც 350 მილიონ ლარზე მეტია, უცვლელი რჩება, თუმცა მთავრობა მაისის ბოლოს ან ივნისში გეგმავს უმაღლეს საბჭოს პანდემიის შედეგების შესაბამისად წარუდგინოს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები