ირაკლი სესიაშვილი: ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი

“ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი”, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლაც, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და ეპიდემიას ებრძვის, ჩვენი ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები.

„დღეს, 30 აპრილს ჩვენი ქვეყანა თავდაცვის ძალების დაარსების დღეს აღნიშნავს! სამწუხაროდ, მისი შექმნის პირველივე დღეებიდანვე აქტიურად მოუწია ახლადჩამოყალიბებულ ჯარს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა. იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო 2008 წლის ომი, წარმატებული საერთაშორისო მისიები და ოპერაციები. შექმნის დროიდან მოყოლებული, ქართული არმიის ისტორია გმირობისა და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არაერთი მაგალითის მომსწრეც არის. დღეს ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი და ეს არაერთხელ დაადასტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროსაც, სადაც იგი დღემდე სამაგალითო პარტნიორია.

მინდა, ეს დღე მივულოცო ყველა თაობის ღირსეულ ჯარისკაცს, გენერალს, ოფიცერსა თუ სერჟანტს. ყველას – ვისაც ქართული ჯარის წარმატება უხარია”, – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები