რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე, შრომის უსაფრთხოების პირობები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანლები სამშენებლო პროექტებზე პერიოდულად მონიტორინგს ატარებენ. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს – ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჯამურად, რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022-2023 წლისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ, დასჭირდება 4-4.5 საათი.