1.16 მილიონი ევრო საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის – რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი
პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა.
მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებსა და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.
ინიციატივა გამიზნულია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის და, ასევე, ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტი/იდეა უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;
1. უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
2. პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით;
3. ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და, ზოგადად, ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე, ეროვნულ დონეზე;
4. ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და, ზოგადად, ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;
5. ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.
ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გამო, COVID-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმის მიღება ან მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ონლაინ.
• სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე;
• ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე – greta@ada.gv.at
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით). განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც მიღებული იქნება greta@ada.gv.at
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი, აგრეთვე, ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.