მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ორის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ორის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

“6 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 168. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა, ძალიან სასიამოვნოა, რომ  გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს. თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, კოვიდ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან გამოჯანმრთელებულები უკვე 63-ია. გუშინ სამმა დატოვა კლინიკა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. სამი პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით. 11 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 ახალი პაციენტიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია ერთი არის თეთრიწყაროს შემთხვევა, სამი საკარანტინე სივრციდან, ერთი ახალი ჩვენთან მოთავსდა, ბოლნისის კლასტერიდან, ორის წყარო დაუდგენელია და გრძელდება წყაროს მოძიება. ჩვენთან მყოფი ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კრიტიკული პაციენტი ამ წუთში არ გვყავს. რაც შეეხება ტესტირებას – ჩატარდება მიზნობრივი ჯგუფების კვლევა და გამოჩნდება, შემდგომში კიდევ რომელ ჯგუფებს უნდა ჩაუტარდეს დამატებით ტესტირება”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები