გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება, უკრაინა-საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა
“არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას მიმართა და სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.
მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ერთობლივად გასაკეთებელი.
„თუკი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, არა მარტო ვიცეპრემიერად, არამედ საერთოდ სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის საკითხი, ეს იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება. არ შეიძლება, სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა, რომელიც ფაქტიურად არის დამნაშავე. გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულებები საკმაოდ სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ იცის, ნებისმიერი პოლიტიკური რანგისა და გემოვნების ადამიანმა, რომ დანაშაულებები ნამდვილად იქნა ჩადენილი. ერთია, ვინ როგორ აფასებს. მაგრამ უკრაინასა და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ, სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.